“ნავთობპროდუქტების ტრანზიტის გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში”
პროექტის სათაური: "ნავთობპროდუქტების ტრანზიტის გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში" პროექტის მოკლე შინაარსი: პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის მიერ. პროექტის მიზანი საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში ნავთობისა და გაზის ტრანზიტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გადასახადების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. პროექტის მთავარი ამოცანაა ანგარიშის მომზადება, რომელმაც უნდა გამოავლინოს, თუ რა მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების ტრანზიტის კუთხით ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ქვეყანაში. ამის შემდგომ მიცემული იქნება რეკომენდაციები მთავრობებისათვის და ნავთობკომპანიებისათვის, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ამ სფეროში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ფონდმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან აღნიშნული ქვეყნებიდან დარგის მოწვეული სპაციალისტები, მოეწყო სამუშაო შეხვედრა თბილისში ამ ექსპერტების მონაწილეობით, სადაც დაისახა სამომავლო გეგმები, გაიწერა პროექტის სამოქმედო გეგმა, შეთანხმდა ერთობლივად მოსამზადებელი ანგარიშის სტრუქტურა, მეთოდოლოგია და ა.შ. სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობენ ოთხი ქვეყნის ანგარიშზე, რომელმაც უნდა გამოავლინოს ნავთობის და გაზის ტრანზიტიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხი. აღნიშნული ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს ქ. ბრიუსელში 2012 წელს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ხოლო მის წარდგენამდე პროექტის მონაწილეები წარმართავენ ადვოკატირების კამპანიას ბრიუსელში ევროკომისიის შესაბამის ორგანოებში. |
|