მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა
 

მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ სამოქალაქო ინიციატივებს. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სოციალურ მოძრაობებს, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენ მხარს ვუჭერდით მმართველობის სისტემის რეფორმას სხვადასხვა დონეზე, უპირველესად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებასა და მმართველი ორგანოების მოქალაქეებთან დაახლოებას. მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, მოქალაქეთა მონაწილეობა შეზღუდულია; არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2017-2020 წლებში, პროგრამა მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმების გაუმჯებესებაზე იმუშავებს. ჩვენ გვინდა, შევიმუშავოთ სტრატეგია მოქალაქეთა მონაწილეობის პირდაპირი და არაპირდაპირი ფორმების დანერგვის შესახებ. ამასთან, პროგრამა მხარს დაუჭერს მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვას თვითმმართველობის დონეზე.

ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს რეგიონებში არსებულ ორგანიზაციებსა და თვითორგანიზებულ ჯგუფებს თავიანთი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ. ამ მიზნით, პროგრამა გეგმავს, სათემო და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო ფინანსები, მდგრადი ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკის ისეთი საკითხები, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ამასთან, პროგრამა იმუშავებს ღია მმართველობის რეფორმების მიმართულებით, როგორც სამთავრობო, ისე მუნიციპალურ დონეზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმას, ასევე, ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებასა და საჯარო უწყებების დემოკრატიულ კონტროლს გულისხმობს.


სხვა კონკურსები