ხშირად დასმული შეკითხვები
 


ვინ არის ჯორჯ სოროსი?
ჯორჯ სოროსი, ფინანსისტი და ფილანტროფი, ღია საზოგადოების ქსელის დამფუძნებელი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის თავმჯდომარეა. ის ღია საზოგადოების ქსელის მეშვეობით 50-ზე მეტ ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს. თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიის განვითარებას  ხელს უწყობს. ჯორჯ სოროსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს "ჯორჯ სოროსის შესახებ".

როგორ ხდება გრანტის მიღება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსგან"?

უპირველეს ყოვლისა, თქვენი პროექტი თუ ინიციატივა ფონდის პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა ეხმაურებოდეს.

დაფინანსების მიღება  არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.  პროექტების შემოტანა როგორც კონკურსის, ასევე ღია კარის წესით ხდება. პროექტი ფონდის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა მომზადდეს.  დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გრანტის მაძიებელთა გვერდს.

როგორ უნდა მომზადდეს პროექტი?

პროექტის განაცხადი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ შემოთავაზებულ ფორმატში უნდა მომზადდეს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს"როგორ დავწეროთ პროექტი".

შესაძლებელია თუ არა პროექტის შემოტანა იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში ახორციელებს ფონდის დაფინანსებულ პროექტს?

დიახ. კონკურსში მონაწილეობის მიღება განმცხადებელს  იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ მოცემულ მომენტში, ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი განხორციელებული პროექტისაგან განსხვავებულ სფეროს უნდა ეხებოდეს.  მისი განხორციელება შინაარსობრივად ფონდის მიერ უკვე დაფინანსებულ პროექტს არ უნდა უკავშირდებოდეს. განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი პროექტის დაწყება უკვე დაფინანსებულის შესრულებასა და დამატებითი სამუშაო რესურსის მოძიებას ხელს არ შეუშლის.

თუ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი განაცხადის შემოტანა ერთი ორგანიზაციიდან?
ორგანიზაციიდან ორი ან მეტი საპროექტო განაცხადის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მათგანი აღნიშნული ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ იქნება წარმოდგენილი.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება გრანტის გაცემაზე?
წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისია განიხილავს. განხილვის შედეგად კომისია  რეკომენდაციას მოამზადებს და მას აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს. საბჭო  შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებზე იმსჯელებს და პროექტს საბოლოოდ დაამტკიცებს.

აქვე იხილეთ საპროექტო განაცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

შესაძლებელია თუ არა ფონდისგან კონსულტაციების მიღება პროექტის მომზადების თაობაზე?
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს. დრო გამოცხადდება 1 კვირით ადრე ფონდის ვებგვერდზე.

რა არის ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები?
ფონდის პრიორიტეტები მის პროგრამებსა და ამ პროგრამების მიმართულებებშია ასახული. ამჟამად, ფონდი  შემდეგ პროგრამებზე მუშაობს: ადამიანის უფლებებიუმაღლესი განათლებამედიაპროგრამასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამაევროინტეგრაციაადგილობრივი დემოკრატიის განვითარება.

აფინანსებს თუ არა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" ბიზნეს ორგანიზაციებს?

ფონდი კომერციულ, ბიზნეს ორგანიზაციებს არ აფინანსებს. ფონდი  მხოლოდ არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს აფინანსებს.

საიდან ფინანსდება ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"?
ღია საზოგადოების ინსტიტუტი და სოროსის ფონდების ქსელი პირადად ჯორჯ სოროსისა და მისი ოჯახის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდებიდან ფინანსდება.

 აფინანსებს თუ არა ფონდი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს საზღვარგარეთ?

სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს საზღვარგარეთ აფინანსებს ფონდის შვილობილი ორგანიზაცია 'საერთაშორისო განათლების ცენტრი', რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოეყო ფონდს და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება. საერთაშორისო განათლების ცენტრი გასცემს სასწავლო გრანტებს, ოღონდ მხოლოდ კონტრაქტორ უნივერსიტეტებში გამოცხადებული კონკრეტული კონკურსების ფარგლებში. ინფორმაციისთვის გიგზავნით მათი ვებგვერდის მისამართს: www.cie.ge. საერთაშორისო განათლების ცენტრი  უნგრეთში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის, ესპანეთსა და გერმანიაში ევროპული უნივერსიტეტების და ლონდონის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელია საქართველოში.

აფინანსებს თუ არა ფონდი სხვა დონორებისგან დაფინანსებულ პროექტებს?
დიახ, აფინანსებს. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მსხვილი დონორი არ არის, ამიტომ ის განმცხადებლებს დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებასაც ურჩევს.

აფინანსებთ თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს?
ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს. ფონდში  ეკონომიკური განვითარების პროგრამა ფუნქციონირებდა, რომელიც 2008 წელს დაიხურა.

გასცემს თუ არა ფონდი სამგზავრო გრანტებს?

სამგზავრო გრანტების პროგრამა ფონდს აღარ აქვს 1999 წლიდან.

მგზავრობის თანხის ანაზღაურება ხდება მხოლოდ არსებული პროგრამებიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროექტის რომელიმე კომპონენტი მოითხოვს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდის სტრატეგიას.

 

 


სხვა ახალი ამბები და ანონსები