ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება
ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში' არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). პროექტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლებისა და აქტივიზმის კულტურის დანერგვას, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული დისკუსიის წახალისებას რეგიონალური და ნაციონალური მედია საშუალებების გამოყენებით, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს მხარდაჭერას სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მცირე გრანტების მექანიზმი თავს უყრის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" რესურსებს, რათა ერთობლივად გაიცეს გრანტები სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად. გრანტები გაიცემა საზოგადოებაში ერთიანობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების ხელშესაწყობად, საზოგადოებაში მრავალფეროვნების მიმართ დადებითი ტენდენციების განსავითარებლად, მარგინალური ჯგუფებისადმი დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად, თემებს შორის კავშირების ჩამოსაყალიბებლად და გასაღრმავებლად, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გასამყარებლად. განურჩევლად ეთნიკური კუთვნილების თუ გეოგრაფიული მდებარეობისა, მცირე გრანტები საშუალებას მისცემს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს, ჩამოყალიბდნენ ქართული არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვან და ქმედით წევრებად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაზე მუშაობენ. განაცხადების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებსა და რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს. საპროექტო განაცხადები მიიღება ღია კარის წესით. ღია კარის წესით პროექტების მიღება ხდება კვირის სამუშაო დღეებში, 10-დან 6 საათამდე. საპროექტო განაცხადები მხარს უნდა უჭერდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ემსახურება უმცირესობების საკითხების შესწავლას და მონაწილეობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად:
„პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10.000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:" 1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით განაცხადის ფორმა - ქართულენოვანი, Grant Application Form - ინგლისურენოვანი; 2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები; 3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი; 4. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. 5. განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის შემთხვევაში განაცხადი ასევე მიიღება რუსულ ან ინგლისურ ენებზეც. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. განაცხადის და დოკუმენტაციის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ფონდის ოფისში ჭოველიძის (ყოფილის ბელინსკის) 10, ისე ელექტრონულად ელ.ფოსტის მისამართზე peradze@osgf.ge ან კომპიუტერულ დისკზე (CD). კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 15:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10. საკონტაქტო პირები: კოკი ფერაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის კოორდინატორი, ელ.ფოსტა: peradze@osgf.ge 2012 წლის სექტემბერში ფონდში დარეგისტრირდა 37 საკონკურსო განაცხადი ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტით. მოწვეულმა საექსპერტო კომისიამ მხარი დაუჭირა შემდეგ გამარჯვებულ პროექტებს: 1. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი - „პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ კი, ქისტი და ჩეჩენი ქალების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა". პროექტი ითვალიწინებს პანკისის ხეობაში ქისტ და ჩეჩენ ქალთა 12 წევრიანი საბჭოს დაარსება, პანკისის ხეობაში არსებულ „უხუცესთა საბჭოსთან" ოჯახური დავების, შვილის ნახვის უფლების, იძულებითი ქორწინების აკრძალვის და ყოფითი პრობლემების მოგვარების ადვოკატირებისთვის. პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან, კვირაში 2 დღე 2 იურისტი პანკისელ ქალებს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ქორწინების, განქორწინების, ქონების გაყოფის, სასამართლოში მიმართვის პროცედურების შესახებ. დაიბეჭდება 6 სახის ბროშურა ქალთა უფლებების შესახებ. 2. საზოგადოება ბილიკი - „ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის". პროექტი ითვალიწინებს ქართულ-ოსურ სოფელბში (შავშვები, ხურვალეთი, წითელუბანი) და დევნილთა ჩასახლებებში (შავშვები, ხურვალეთი) ახალგაზრდული კლუბების დაარსება, ახალგაზრდების (13-17 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ახალგაზრდების პრობლემების ადვოკატირების მიზნით. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოება. პროექტის შედეგად ხელი შეეწყობა ოს და ქართველ ახალგაზდებს შორის ლიდერების ჩამოყალიბებას და სტიმული მიეცემა ურთიერთთანამშრომლობას. 3. ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი - "ეთნიკური უმცირესობათა თემები და ქართული მედია: ერთად ტოლერანტობისკენ". პროექტის მიზნებია - ჟურნალისტთა 20 კაციანი ჯგუფისთვის საგამანათლებლო პროგრამის შექმნა და 2 დღიანი ტრეინინგის ჩატარება ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკის გაშუქებაზე რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები საქართველოდან, ნიდერლანდებიდან და უკრაინიდან. პროგრამა შეიქმნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რომლებსაც ასევე ჩაუტარდებათ 2 დღიანი ტრეინინგი. პროექტის მსველელობისას გათვალისწინებულია მასმედიის კონსულტანტის დასაქმება რომელიც კონსულტაციებს გაუწევს ჟურნალისტებს და უმცირესობის თემების წარმომადგენლებს. შეიქმნება და გამოიცემა სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება საზოგადოების ინფორმირების ხარისხი ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკის განხილვის კუთხით. 4. საზოგადოებრივ - საგამანათლებლო ასოციაცია ჰერეთი - „ჩვენ საქართველო გვაერთიანებს". პროექტის ფარგლებში მომზადდება 20-20 წუთიანი რადიო გადაცემები რადიო "ჰერეთზე" აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობისთვის. გადაცემებში განხილული იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ახალი ამბები აზერბაიჯანულ ენაზე და ერთი დღე აზერბაიჯანულ ენოვანი მოქალაქის ცხოვრებიდან - აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. პროექტის შედეგად აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა მიიღებს საჭირო ინფორმაციას რეგიონსა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ხოლო ქართულენოვანი მსმენელი მიიღებს ინფორმაციას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შესახებ რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას. 5. ააიპ, ასოციაცია „უდი" - „მუზეუმის მოწყობა აქტიური ინტეგრაციის საფუძველი". პროექტი განხორციელდება უდიელთა სოფელ ზინობიანში (ლაგოდეხის რაიონი) სადაც 2002 წლიდან ფუნქციონირებს უდიური კულტურისა და ისტორიის მუზეუმი. პროექტის მიზანია მუზეუმის კეთილმოწყობა და შეკეთება, ქართული და ინგლისურენოვანი საგამოფენო სტენდების შექმნა და განთავსება, ვიზიტორებისა და მეცნიერებისათვის გაუმჯობესებული სამუშაო გარემოს შექმნა. პროექტის შედეგად შესაძლებელი იქნება უდიელთა კულტურისა და ენის პოპულარიზაცია, არსებული ექსპონატების პრეზერვაცია და ახალი ექსპონატებისათვის დამატებითი სივრცის შექმნა რაც ხელს შეუწყობს უდიური კულტურისა და ისტორიის შემდგომ პოპულარიზაციას. 6. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს" ახალგაზრდული კავშირი - „კულტურათაშორისი განათლება და ინტეგრაცია თეატრალური დადგმის საშუალებით". პროექტის მიზანია თეატრალური პერფორმანსის შექმნა და წარმოდგენა სომხურ და ქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თეატრალური პერფორმანსი ასახავს ამ ორი თემის ერთმანეთისადმი არსებული სტერეოტიპების, სტიგმის და არასწორე წარმოდგენებს და შეახსენებს მაყურებელს არსებული საერთო ფასეულობების და ურთიერთპატივისცემის ისტორიულად არსებულ ტრადიციებს. პერფორმანსები ჩატარდება თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში.
|
|