საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება
13 ნოემბერს, თბილისში იურიდიული დახმარების შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია (ILAC 2018) გაიხსნა. სამი დღის მანძილზე საქართველო 60 ქვეყნიდან 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება მსოფლიოში მესამედ ტარდება. პირველი საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების საკითხებში 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ხოლო მეორე 2016 წელს არგენტინაში. წლევანდელი კონფერენცია ხაზს უსვამს, რომ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა საერთო გამოწვევაა როგორც მთავრობებისთვის, ასევე იურიდიული დახმარების მიმწოდებლებისათვის. კონფერენციის მონაწილეები არიან პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პრაქტიკოსი იურისტები და ექსპერტები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ იმ შესაძლებლობებს და ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების ეფექტური და ინსტიტუციურად გამართული სისტემების შექმნას. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სოციალური მდგომარეობის თუ სხვა ბარიერის გამო, ხშირად ხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებაზე, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობაზე ადვოკატის მეშვეობით. „ILAC 2018 გარდამტეხი ცვლილებების დასაწყისია როგორც იურიდიული დახმარების გლობალურ ხედვაში, ასევე მისი მიწოდების მრავალფეროვანი და ინოვაციური მოდელების შექმნაში. ამ მხრივ საქართველოს გამოცდილება საყურადღებოა მსოფლის ბევრი ქვეყნისთვის. კონფერენცია ასევე საუკეთესო პლატფორმაა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და მონაწილე ქვეყნებში იურიდიული დახმარების ეროვნული ქსელების გასაძლიერებლად", - აღნიშნა მელიტონ ბენიძემ, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა. იურიდიული დახმარების შესახების მესამე საერთაშორისო კონფერენცია, ILAC 2018, 15 ნოემბერს დასრულდება. კონფერენციის დასასრულს მისი მონაწილეები მიიღებენ დეკლარაციას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავის მზაობას, გააუმჯობესონ იურიდიული დახმარების სისტემები, განავითარონ იურიდიული დახმარების ქსელი და გააღრმავონ საერთაშორისო თანამშრომლობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების საკითხებში. ღია საზოგადოების ფონდი იყო ერთერთი პირველი ორგანიზაცია, ვინც საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების განვითარება დაიწყო. "დღეს ჩვენ გვაქვს იურიდიული დახმარების ეფექტური მოდელი, რომელიც დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. სერვისის მიწოდების თვალსაზრისით, მთავარ გამოწვევად მაინც ადრეულ ეტაპზე დახმარების გაწევა რჩება, განსაკუთრებით ეს ეხება იურიდიულ დახმარებას წინასწარი დაკავების ადგილებზე"- აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი. კონფერენციის მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან:
|
|