მითები და რეალობა წამალდამოკიდებულების შესახებ
“ყველაფერი, რაც დამოკიდებულებაზე იცი, არასწორია”-ამ სახელწოდებით ჟურნალ „ინდიგოს“ მიერ ორგანიზებული დისკუსია სამუშაო სივრცე „ტერმინალში“ 30 სექტემბერს ჩატარდა. „ინდიგოს“ გამოცემა #32 წამალდამოკიდებულების საკითხს მიეძღვნა და იყო ერთგვარი მცდელობა, გაეერთიანებინა რიგი კითხვებისა, რაც საზოგადოებაში ნივთიერებაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ჩნდება. მართლაც, ცოტა რამ თუ ვიცით ნივთიერებაზე დამოკიდებულების შესახებ, როდის იჩენს ის თავს და როდის იქცევა პრობლემად. როგორია მიდგომა და მკურნალობის მეთოდები წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ. როგორ მართავს საზოგადოება ნივთიერებაზე დამოკიდებულებას? ვინ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე. დისკუსიის რეჟიმში მომხსენებლები და მონაწილეები ერთად შეეცადნენ სტატიაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები,ჟურნალისტები, სტუდენტები და თავად მომხმარებლები. ღონისძიების ერთერთი მომხსენებელი იოჰან ჰარი წლებია ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას იკვლევს და ამბობს, რომ „დროა ვაღიაროთ, რომ ტვინში ქიმიური პროცესით გამოწვეული დამოკიდებულება მეორადი შედეგია და მას, პირველ რიგში, გარემოსთან შეუგუებლობა, ჩაკეტილობა – „გალიაში ყოფნა“ განაპირობებს.“ დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: დავით ოთაიშვილი – ექიმი ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ტატო ნოზაძე – ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის „კამარას“ ფსიქოლოგი, სოფო ვერძეული – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC-ის) ხელმძღვანელი, ლევან კობერიძე – პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე და გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი. |
|