პოლიცია უხეშად არღვევს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციის ხელის შეშლის ფაქტს პოლიციის მხრიდან. უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. 27 სექტემბერი, 2018 ფოტო: მზია საგანელიძე, ფოტოს წყარო: რადიო თავისუფლება გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევის და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ. ამავე დღეს, დაახლოებთ 23:00 საათზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს, არ მისცეს შესაძლებლობა შეერთებოდნენ მიმდინარე აქციას და ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული. აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება, მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს მათ მიერ არჩეული მშვიდობიანი ფორმით შეკრების გამართვის შესაძლებლობას არ აძლევს. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 11 სექტემბერს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას. პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს. OSCE / ODIHR-ის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, კარვისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების აგება მოიაზრება მშვიდობიანი შეკრების უფლებით დაცულ სფეროში. აქტი, რომელიც კრძალავდა „კონტროლირებად ტერიტორიებზე“ კარვების, ქარავნისა და სხვა კონსტრუქციების აგებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული გაერიანებული სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იმ მიზეზით, რომ კარვის აგებამ, როგორც პროტესტის ფორმამ და საშუალებამ შეიძინა საპროტესტო გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობა. ტროტუარი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომელზე წვდომის უფლებაც ყველასთვის თანაბრადაა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, სახელწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორებისათვის სასურველ ადგილას გამართვას. 2011 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,[შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით] თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს”. შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა კი მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით განიხილა. სასამართლოს განმარტებით ,,შეკრებაში მონაწილენი თავად განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომელიც შეკრების მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს.” (,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას”) საქართველოს კონსტიტუცია კი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუკი მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. ამდენად, სამართალდამცველთა ქმედება არამხოლოდ უკანონო, არამედ, არაკონსტიტუციურია. პოლიციის ქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე კარვის დადგმის განთავსება ჯდება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. სასამართლომ განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. აღსანიშნავია, რომ ,,შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით. ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ: ● შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი; ● მთავარ პროკურატურას, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
წყაროები:
Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, second edition, §18, Warsaw/Strasbourg 2010, https://www.osce.org/odihr/73405?download=true საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.პ.25
|
|