კანაფის ექსპორტის საკითხზე მმართველი პარტიის ინიციატივის შეფასება
 

რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის მიმართ, მძლავრი სოციალური პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების მდგომარეობისთვის მძიმე გამოწვევად რჩება. ამ დრომდე, თვალშისაცემი იყო ხელისუფლების ერთგვარი სტრატეგია, თავი აერიდებინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის და სისტემური ცვლილებების ნაცვლად, რეაქციულად საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულება მოეხდინა. სასამართლომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის პროცესში განსაკუთრებული და პოზიტიური როლი ითამაშა, რამაც პრაქტიკულად გარდაუვალი გახადა არაერთი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება. თუმცა, ხელისუფლების რეაქციული როლის გათვალისწინებით, პოლიტიკის ძირეული და რეალური ცვლილების პერსპექტივა ამ დრომდე გაურკვეველია.

ამ პირობებში, სრულიად გაუგებარია, მმართველი პარტიის მხრიდან, პროაქტიულად, დღის წესრიგში ისეთი საკითხის შემოტანა, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება და წლების განმავლობაში, ნარკოპოტლიკის თემაზე მომუშავე არცერთი ჯგუფის მთავარ და არსებით მოთხოვნას არ წარმოადგენდა. კანაფის ექსპორტის საკითხის დაყენება, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მასშტაბების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვის და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროვების მცდელობას გავს. მარიხუანას საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, ლოგიკურად უნდა მოყვეს მარიხუანას შეძენა/შენახვის ნაწილში ადეკვატური საკანონმდებლო რეგულირება, რაც თანმიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტშიც კი, კანაფის ექსპორტის საკითხი არარელევანტურია.

გასათვალისწინებელია, რომ მმართველმა პარტიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ცალსახად ჩამოეყალიბებინა ერთიანი პოზიცია და უარი ეთქვა ისეთ უსამართლო მოცემულობებზე, როგორიცაა:

  • ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზება;
  • უკიდურესაც მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელები;
  • ნარკოტიკულ დანაშაულში (მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარებისთვის) მსჯავრდებული პირებისთვის ცალკეული უფლებების ავტომატური და ბლანკეტური ჩამორთმევა და სხვა.

იმ დროს, როცა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ პრაქტიკულად არცერთ კრიტიკულ საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მათი მხრიდან კანაფის ექსპორტის საკითხზე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება ზედაპირული და დასაბუთებას მოკლებულია.

ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საზოგადოებაში ამ ინიციატივის გაზომვა და შეფასება მხოლოდ პოტენციური ეკონომიკური სარგებლის ან ზოგადად კანაფის სარგებლიანობის არგუმენტებით უსამართლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას ეხება.

ეს პროცესი აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების ძალისხმევა და ხანგრძლივი მცდელობები, რომ არსებითად შეცვლილიყო რეპრესიაზე და კონტროლზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა, დაძლეულიყო სტიგმა და შექმნილიყო სამართლიანი და ზრუნვაზე დაფუძნებული სისტემა მწვავე ჯანდაცვით პრობლემასთან გამკლავების მიზნით, დიდწილად მარიხუანას თემამდე არის დავიწროვებული. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კვლავ უხილავი რჩება საზოგადოების ის ჯგუფი, რომელსაც ყველაზე სწრაფად ჭირდება ნარკოპოლიტიკაზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, გააკეთოს საჯარო განმარტება ნარკოპოლიტიკის (და არამხოლოდ მარიხუანას) საკითხზე მათ ხედვასთან და გეგმასთან დაკავშირებით;

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას დროულად გაასაჯაროვონ კანონპროექტის სრული ვერსია და განხილვებში ჩართონ დაინტერესებული ჯგუფები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ღია საზოგადოების ფონდი

ალტერნატივა ჯორჯია

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები