არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, არ გასცეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა. 2018 წლის ივნისში ქალაქის არქტიტექტურულმა სამსახურმა კომპანია „ანაგს" დაუდგინა სამშენებლო პირობები მრავლფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად. 8 აგვისტოს ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი" დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცისა და ორანჟერეის მშენებლობას გეგმავს. თბილისის მერიაში შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც იგეგემება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს. დიღმის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა, განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, რომ არ დაეშვა მორიგი მშენებლობა ტყე-პარკის ტერიტორიაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად. პრესკონფერენცია გაიმართა 14 აგვისტოს, 11:30-ზე, ღია საზოგადოების ფონდის საკონფერენციო დარბაზში.
|
|