დაინახე უსინათლო მოქალაქე
ავტორი: სოფო აფციაური, 4 ივნისი, 2018, მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდისთვის. "დაინახე უსინათლო მოქალაქე" - უსინათლო დათო ყვირილიანს პრემიერ-მინისტრისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ამ შინაარსის შეტყობინების გაგზავნა სურდა. მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი 2017 წლის 13 ნოემბერს მიიტანა, საიდანაც უარით გამოისტუმრეს იმ მოტივით, რომ ამ ფორმატით წერილს ვერ ჩაიბარებდნენ. დათოს მაგივრად, განცხადების დაწერა მის მეგობარს შესთავაზეს. მისი სურვილის მიუხედავად, მას არ მიეცა საშუალება გზავნილი პრემიერამდე დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე მიეტანა. მან ეს შემთხვევა დისკრიმინაციულად აღიქვა და ამის დასადგენად მაშინვე სახალხო დამცველს მიმართა. დათო ყვირილიანი ერთერთი იმ ათასობით უსინათლო ადამიანთაგანია, ვინც სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მიღების დროს დისკრიმინაციულ მიდგომას აწყდება. უსინათლო ადამიანებს არ აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ ადაპტირებული ვებგვერდებით, მათ შორის ისეთი სახელმწიფო უწყებების, როგორიცაა: ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მთავრობის ადმინისტრაცია. კოალიციის „თანასწორობისათვის" 2016-2017 წლის ანგარიშში უსინათლო ადამიანების სავარაუდო დისკრიმინაციის რამდენიმე ფაქტი მოხვდა. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ადგილობრივი კანონმდებლობის პარალელურად გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციაც უზრუნველყოფს. ... 23 წლის უსინათლო, პროფესიით იურისტი ესმა გუმბერიძესთვის ბანკებსა და სხვა კომპანიებში მომსახურების დამოუკიდებლად მიღება, ფაქტობრივად შეუძლებელია. გასულ წელს, მან სასამართლოში დისკრიმინაციის შემთხვევის გასაჩივრება სცადა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ უსინათლოებისთვის ადაპტირებული სასარჩელო ფორმა არც სასამართლოს აქვს. სპეციალური გამხმოვანებელი პროგრამა, რომელსაც მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანები ელექტრონული ტექსტის წასაკითხად იყენებენ, ვერ აღიქვამს ისეთ ფორმებს, როგორიცაა დასკანერებული და სხვა ფორმატის ტექსტები. ვინაიდან, სასამართლოს სარჩელიც ამავე ფორმატში იყო, სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება ესმამ ვერ გამოიყენა. ესმამ და მისმა კოლეგამ დისკრიმინაციული მიდგომისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საჩივარი სასამართლოში შეიტანეს. ესმას უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს. იანვარში, მოსამზადებელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელმა მათ სარჩელის ფორმის განახლებული ვერსია წარუდგინა. თუმცა როგორც ესმა ამბობს, არც განახლებული პროგრამის გამოყენებაა შესაძლებელი: "შემდეგ სხდომაზე მოსამართლეს ვაჩვენებთ, რამდენად წარმოუდგენელია უსინათლოსთვის სარჩელის განახლებული ფორმის შევსება". "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანი სალდაძე განმარტავს, რომ გარდა სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლების შეზღუდვისა, უსინათლო ადამიანები, ასეთ დროს, იძულებულნი არიან თავისი პერსონალური მონაცემები სხვას გაუზიარონ: "შესაძლოა ეს სხვა მისივე ახლობელი იყოს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანებს საკუთარი ცხოვრების ისე წარმართვა არ შეუძლიათ, როგორც თავად სურთ", - აღნიშნავს სალდაძე და აქვე განმარტავს, რომ ესმა პროფესიით იურისტია, მას პროფესიულ განვითარებაშიც ხელი ეშლება:"მას არ შეუძლია იყოს პრაქტიკოსი იურისტი, სასამართლოში დაიცვას სხვისი უფლებები. მისთვის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის არქონა ორმაგად დისკრიმინაციულია". გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას საქართველო ხუთი წლის წინ შეუერთდა და მისი შესრულების ვალდებულება აიღო. გარდა იმისა, რომ კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართულობას და დამოუკიდებელ ცხოვრებას, მათი დისკრიმინაციისგან დაცვას, 13-ე მუხლი განსაზღვრავს მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობას საქმის წარმოების ყველა საფეხურზე: "ჩვენი კონსტიტუცია უზენაეს ღირებულებად აღიარებს სასამართლოსთვის მიმართვისა და პერსონალური განვითარების უფლებას, რაც ესმას შემთხვევაში ორმხრივად დარღვეულია", - აღნიშნავს სასამართლოში ესმას ინტერესების დამცველი "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი. "კოალიცია თანასწორობისთვის" 2016-2017 წლების ანგარიშში შესულ დისკრიმინაციის შემთხვევათაგან, ერთერთი ესმას ამბავია. როგორც ანგარიშშია ნათქვამი "მოსარჩელეებს, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე, დაერღვათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლო ფორმები არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს, რაც წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს". იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ესმა გუმბერიძის შემთხვევაზე განმარტავენ, რომ "სასამართლო ფორმები ადაპტირებულია, თუმცა მისი ფორმების დასახვეწად მუშაობა გრძელდება". პროცესი 6 ივნისსაა ჩანიშნული. ამ დღეს გამოჩნდება, დაარღვია თუ არა სასამართლო სისტემამ კონვენციისა და ადგილობრივი კანონმდებლობის პრინციპები. ... იმავე შინაარსის სასამართლო დავა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები, უსინათლო მ.მ. და მცირემხედველი გ.ე. ამტკიცებენ, რომ სამინისტროს სააგენტოს ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არ არის მისაწვდომი უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის, მაშინ როცაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდია. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, ტექსტი ისეთ ფონზეა მოცემული, რომ მისი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია უსინათლოებისთვის; ვებგვერდზე ატვირთული ფაილების ნაწილი დასკანერებულია, რასაც ხმოვანი პროგრამა ვერ კითხულობს. ამ და ბევრი სხვა ტექნიკური პრობლემის ფონზე, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს საჭირო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ. სასამართლო დავაში მ.მ-ს და გ.ე-ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ეხმარება. ორგანიზაციის იურისტი, ლელა გვიშიანი აღნიშნავს, რომ უსინათლო და მცირემხედველი პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, სხვა პირთა დახმარების გარეშე გაეცნონ ამ ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას:" ეს ზღუდავს მათ ისეთ კონსტიტუციურ უფლებებს, როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლად, დამოუკიდებლად მიღების, პიროვნული თვითრეალიზაციის, ღირსების, შრომის, ჯანდაცვის, აგრეთვე, სოციალური უზრუნველყოფის უფლებებს". ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სოცსააგენტოს ვებგვერდის განახლება და უსინათლო პირებისთვის ადაპტირების პროცესი უკვე დაწყებულია და ბოლო დროს გამოქვეყნებული ნებისმიერ ინფორმაცია უკვე მისაწვდომია მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. ამის მიუხედავად, ლელა გვიშიანი განმარტავს, რომ მის მოსარჩელეები ვებგვერდიდან სრულად ინფორმაციის მიღებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. სასამართლო 5 ივნისს გაიმართება, სადაც მოსარჩელეები მოითხოვენ, მოსამართლემ სააგენტოს წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინოს და ამასთან, ვებგვერდის მისაწვდომობა სრულად უზრუნველყოს. ... თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სკოლის ყოფილი შენობის პირველ სართულზე, უკვე ოთხი წელია, 78 წლის ვახტანგ კაკუბერი თავის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ეს შენობა ახლა დევნილთა დასახლებაა. ვახტანგიც აფხაზეთიდან დევნილი და ომის მონაწილეა. 18 წლის წინ, რუსეთში ყოფნის დროს მხედველობა დაკარგა, მასთან ერთად, მუდმივი სამსახურიც. ამ შემთხვევიდან მალევე საქართველოში ჩამოვიდა. ვახტანგის ქალიშვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. კაკუბერის თქმით,ოჯახი თავს დევნილთა 45-45-ლარიანი შემწეობითა და შვილის პენსიით ირჩენს. მას ეთნიკურად რუსი ცოლი და კიდევ ერთი შვილი, რომელიც ასევე შშმ პირია, სტავროპოლის მხარის ქალაქ კისლოვოდსკში დარჩა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს, მან რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო და იქ აღებული პენსია შვილს დაუტოვა. ორმაგი მოქალაქეობის გამო, 2015 წლიდან მას საქართველოში ასაკობრივი პენსია და საყოფაცხოვრებო სუბსიდიაც შეუწყდა, რაც აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის ყოველთვიურად 22 ლარს აკუთვნებდა. მოგვიანებით კაკუბერების ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური დახმარების მიღებაზეც უარი მიიღო. სამინისტროს განმარტებით, დახმარების შეწვეტის მიზეზი ვახტანგ კაკუბერის მიერ სოციალური აგენტისთვის დეკლარაციის შევსების დროს ორმაგი მოქალაქეობის არსებობისა და რუსეთში პენსიის მიღების დამალვა იყო. " ამ დროს საქართველოში უკვე შეწყვეტილი მქონდა ასაკობრივი პენსია. სოცაგენტს ხომ უნდა გასჩენოდა კითხვა, რატომ შემიწყდა აქ ეს დახმარება? შესაბამისად, როგორ შეიძლება დამემალა, რომ ორმაგი მოქალაქე ვარ და რუსეთშიც მაქვს პენსია?", - ამბობს ის და იხსენებს, რომ დეკლარაციის შევსების დროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შემოსავლების შესახებ დეტალურად ესაუბრა. კაკუბერი განმარტავს, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, უსინათლობის გამო, სოცაგენტის მიერ დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს პირადად ვერ გაეცნო და ხელი ნდობის საფუძველზე მოაწერა: "მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მან ჩემი მონაცემები არასწორად შეიტანა და ორმაგი მოქალაქეობა არ მიუთითა. იმ წუთას გვერდით არავინ მყავდა, რომ ტექსტი წაეკითხა და მეც ვენდე. შესაბამისად, დავკარგე შემოსავალი, რომელიც ჩემთვის და შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო". სოცსააგენტოს წინააღმდეგ კაკუბერი სასამართლოში ჩივის და შემწეობის აღდგენას ითხოვს. ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ოჯახი, სხვადასხვა დროს, სულ ექვსჯერ გადამოწმდა და თითოეული შეფასებისას, მას შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს წარმომადგენლები არასწორი მონაცემების მიწოდებით. ის არ ამჟღავნებდა რომ პენსიას რუსეთშიც იღებდა, რაც დადასტურებულია რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვილი მასალით. ამ მიზეზით, ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება და ბაზაში რეგისტრაცია ერთი წლით აეკრძალა. გარდა სასამართლო დავისა, გასულ წელს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით, კაკუბერმა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით, საჩივრით ომბუდსმენის აპარატსაც მიმართა. ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის ბრძანებით, დეკლარაციის შევსების შემდეგ, აუცილებელია ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც დაადასტურებს, რომ სოცაგენტის მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემები სრულად შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. ამის მიუხედავად, იურისტი ნინო ქათამაძე ამბობს, რომ კანონი არ განსაზღვრავს , თუ როგორ უნდა გაეცნოს უსინათლო ადამიანი დეკლარაციას, რომელიც მისი სოციალური შემწეობის დანიშვნის საკითხს წყვეტს:"ჩვენი მიზანია, გამოიცეს შესაბამისი აქტი, რომელიც ამ ადამიანებისთვის დისკრიმინაციული არ იქნება და საშუალებას მისცემს, სრულყოფილად გაეცნონ საკუთარ მონაცემებს. ასევე, ვითხოვთ, ომბუდსმენმა დაადგინოს დისკრიმინაციის ფაქტი" - ამბობს ქათამაძე. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კაკუბერს შეეძლო დეკლარაცია ახლობელი ადამიანის თანხლებით შეევსო: "კანონმდებლობა არ ზღუდავს ოჯახის შეფასებისას ნათესავის, მეზობლის ან ოჯახთან დაახლოებული სხვა პირის ჩართულობას. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს მზრუნველის დანიშვნას სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები", - განმარტავენ სამინისტროში. სტატიაში აღწერილ ყველა შემთხვევას სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს. ომბუდსმენი დაადგენს, დაარღვიეს თუ არა იუსტიციის საბჭომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანასწორ გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს.
|
|