წელს ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' 20 წლის ხდება. გადავწყვიტეთ, 20 წლის საქმიანობა ინფოგრაფიკებით ავსახოთ. გთავაზობთ პირველ ინფოგრაფიკას, რომელიც მედიაზე მოვამზადეთ.
ვფიქრობთ, რომ ფონდმა ბევრი რამ გააკეთა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებისათვის დაარსების დღიდან დღემდე. დაფინანსებულ მედიაპროექტებს და გეოგრაფიულ არეალს თუ გადახედავთ ნახავთ, რომ თითქმის არ დარჩენილა საქართველოს კუთხე, სადაც ფონდს არ გაუცია დახმარება ტელვიზიებისთვის, რადიოარხებისა და ჟურნალ გაზეთებისთვის, ასევე ბოლო წლებში შექმნილი ონლაინ მედიასაშუალებებისათვის. ჩვენი ბენეფიციარია დაახლოებით 50 მედიასაშუალება. დახარჯულია 6 351 500$, ხოლო დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 300-ს აღემატება.
ბოლო წლებში, მედიის თავისუფლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი საქმიანობა ფონდის მხარდაჭერით შექმნილ მედიის ადვოკატირების კოალიციას ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. სწორედ მედიის ადვოკატირების კოალიციის ძალისხმევის შედეგია მედიის გამჭვირვალობასთან და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესება და MUST CARRY/ MUST OFFER პრინციპის ამოქმედება. მედიაკოალიცია აქტიურად არის ჩართული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესშიც. კოალიციის ძალისხმევით მოხდა არაერთი ჟურნალისტის უფლების დაცვა.