2013 წლიდან ფონდი 'ღია საზოგადოება- საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და სააგენტოს ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია MSI (Management Systems International)-სთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომელიც მხარს უჭერს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას
 

ინფორმაცია პროექტისა და სამდივნოს შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველთა საბჭო
 

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შეიქმნა საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. საბჭო დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, უზრულველყოფენ რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამჭვირვალობას და სამინისტროსათვის საზოგადოებრივი აზრის დროულ და ობიექტურ მიწოდებას თვითმმართველობის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ.


საბჭო უზრუნველყოფს ანალიტიკური მასალის დამუშავებას, რეფორმის განსახორციელებლად აუცილებელი კონცეპტუალური ხედვებისა და საკანონმდებლო აქტების მომზადებას და დეცენტრალიზაციის სხვადასხვა მოდელებთან ერთად რჩევების მიწოდებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის. დასახული მიზნების მისაღწევად საბჭოსთან იქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები (სულ 10 თემატური ჯგუფი და 1 შემთანხმებელი).

მრჩეველთა საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც შეიქმნა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს საკუთარი დებულების თანახმად.

მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით სააგენტოს ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია MSI (Management Systems International) და ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ახორციელებენ თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერისა და მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოსათვის სამდივნოს და ტექნიკურ-ადმინისტრაციული უზუნველყოფის პროექტს. 

საბჭოს სამდივნოს ძირითადი ფუნქციებია:

  • საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ინფორმაციის გაცვლა, მათთვის დროული და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება;
  • საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფებისათვის კვლევისათვის საჭირო მასალების მოძიება-დამუშავება და საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადების პროცესში დახმარება;
  • საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში;
  • საბჭოსა და მასთან არსებული თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის.


ამ მომენტისათვის, სამდივნომ ორგანიზება გაუწია მრჩეველთა საბჭოს 3 სხდომას და თემატური სამუშაო ჯგუფების 20-ზე მეტ შეხვედრას. სამდივნოს დახმარებითა და მონაწილეობით ექვსმა სამუშაო ჯგუფმა (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, კომპეტენციები და ფინანსები, დედაქალაქი - თბილისი, საარჩევნო სისტემები, სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა, მაღალმთიანი დასახლებები)   უკვე მოამზადა საკუთარი სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გეგმავს სამინისტროსათვის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვებისა და კონცეფციების წარდგენას. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ჯგუფების სამუშაო პროცესის ორგანიზება და ანალიტიკური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კამპანია 'თვითმმართველობის დროა'. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.droa.ge სადაც, შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია პროექტის და ზოგადად, თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პროექტს ახორციელებს ფონდის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა.

 

 


 

 

სხვა კონკურსები

სხვა პუბლიკაციები