8 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა" პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ პირად გამოაცხადა და მას ფინანსური ანგარიშბრუნვა მოსთხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს კონტროლის პალატის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდა, წარმოადგენს ნათელ ილუსტრაციას იმ რეალური საშიშროებისა სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ 2011 წლის დეკემბრის ცვლილებების მიღების შემდგომ ვსაუბრობთ.
ეს მაგალითი დასტურია იმის, რომ ასეთი საფრთხე რეალურია და ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას და მოქალაქეს. ფაქტია, რომ კანონის ჩანაწერმა, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულიყო გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ, ვერ უზრუნველყო აღნიშნული საფრთხეების პრევენცია და შედეგად კონტროლის პალატის მიერ 261 მუხლით დადგენილი შეზღუდვების გამოყენება ხდება უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის, არამედ სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგაც.
„ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც არასოდეს ჰქონია “განცხადებული პოლიტიკური მიზნები“ და არასდროს დაუჭერია მხარი რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან კანდიდატისთვის. ამ ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება საარჩევნო პროცესების მონიტორინგი იყო, ასევე, იგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობს „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში“, რაც დადასტურებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ბუნდოვანი და არსებულ კანონმდებობასთან შეუსაბამო კრიტერიუმები, რის საფუძველზეც კონტროლის პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, „ბრალეულობის პრეზუმპციით“ მოქმედება და მისი ძალით ისეთი სანქციების გატარება, რომლებიც ორგანიზაციის ძირითადი შემოსავლის წყაროს მოსპობას იწვევს, საფრთხის შემცველია თითოეული იმ არასამთავრობო ორგანიზაციის, მოქალაქის თუ მედიასაშუალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ხელისუფლების კონტროლისკენაა მიმართული.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, არასამთავრობო ორგანიზაცია nGnI-ის პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიჩნევის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს, არის დაუსაბუთებელი, წარმოადგენს სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყანაში.
მოვითხოვთ:
საქართველოს კონტროლის პალატამ დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, მხარეებს მისცეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისა და გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საშუალებები;
საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების თავისუფლების და ხელშეუხებლობის გარანტიები."
###
ამ ფაქტის გასაპროტესტებლად არასამთავრობოებმა 8 თებერვალს, საღამოს 6 საათზე კონტროლის პალატასთან აქცია გამართეს.
ნახეთ სტატია ჟურნალ "ლიბერალში"-ნუ დევნით არასამთავრობო სექტორს.
ნახეთ სიუჟეტი "PalitraTV"-ზე.
მოუსმინეთ რადიო "თავისუფლებას"- დილის გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი.
ონლაინ გაზეთი "ნეტგაზეთი"-არასამთავრობოების პროტესტი კონტროლის პალატასთან