ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველო" აფინანსებს, როგორც არსებული პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე მიღებულ პროექტებს, ასევე თავისუფალი კონკურსის საფუძველზე შემოტანილ პროექტებს. თავისუფალი კონკურსი გულისხმობს, რომ განმცხადებელს შემოაქვს პროექტი, რომელიც პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისია, მაგრამ ვადებში არ არის შეზღუდული. შესაბამისად, მათი განხილვაც გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გაგაცნობთ პროექტის შემოტანასთან, დაფინანსებასთან და დაფინანსების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებულ პროცედურებს.
1. საპროექტო განაცხადები
ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" საგრანტო განაცხადის შემოტანის რამდენიმე სტანდარტული ფორმა არსებობს:
1. საკონკურსო პროექტის განაცხადი;
2. არასაკონკურსო პროექტის განაცხადი;
3. შიდა პროექტის განაცხადი;
4. პარტნიორული პროექტის განაცხადი;
5. შვილობილი ორგანიზაციის (Spin Off) დაფუძნების და შემდგომი მხარდაჭერის პროექტების განაცხადი;
6. ქსელური პროექტის განაცხადი;
7. ერთობლივად გამოცხადებულ კონკურსში შემოსული პროექტის განაცხადი.
შეგიძლიათ იხილოთ საპროექტი განაცხადების დეტალური აღწერა
2. კონკურსი
2.1 კონკურსი ცხადდება ფონდის პროგრამის/პროგრამების ფარგლებში;
2.2 ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ თავსდება ფონდის ვებ-გვერდზე, ფონდის ოფისში სტენდზე და/ან ქვეყნდება სულ ცოტა ერთ საინფორმაციო საშუალებაში;
2.3 ერთი და იმავე ორგანიზაციიდან ორი ან მეტი საპროექტო განაცხადის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული პროექტი წარმოდგენილი იქნება ამ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ;
2.4 შესაძლებელია კონკურსში მონაწილეობა მიიღოს განცხადებელმა, რომელსაც დამტკიცებული აქვს ფონდიდან მიმდინარე პროექტი. ამ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი შეიძლება დაფინანსდეს, თუ ის პირველისგან განსხვავებულ სფეროს ეხება, ანუ მისი განხორციელება შინაარსობრივად არ უკავშირდება ფონდის მიერ უკვე დაფინანსებულ პროექტს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი პროექტის დაწყება ხელს არ შეუშლის ძველის შესრულებას, რადგან ამისათვის განმცხადებელს გააჩნია დამატებითი სამუშაო რესურსი.
3. საპროექტო განაცხადი
3.1 ყველა სახის საპროექტო განაცხადი, გარდა შიდა პროექტისა, წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის მიხედვით;
3.2 საპროექტო განაცხადი აპლიკანტს უკან არ უბრუნდება.
4. განმცხადებლის ინფორმირება დამტკიცებულ პროექტზე
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
4.1.ინფორმაცია დამტკიცებული პროექტის შესახებ განმცხადებელს მიეწოდება წერილობით ან ტელეფონის საშუალებით;
4.2.ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, განთავსდება როგორც ფონდის ელექტრონულ გვერდზე, ასევე ფონდის ოფისში სტენდზე.
5. ანგარიშგების წესი
გრანტის მიმღებმა ფონდს უნდა წარუდგინოს როგორც მოხსენებითი, ასევე ფინანსური ანგარიში.
5.1. მოხსენებითი ანგარიში
5.1.1. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს შუალედური, მოხსენებითი ანგარიში პროგრამის მენეჯერთან/კოორდინატორთან;
5.1.2.გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის დასრულებიდან 2 თვის ვადაში წარმოადგინოს საბოლოო მოხსენებითი ანგარიში ფონდის მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის (ჩამოტვირთეთ) მიხედვით.
5.2. ფინანსური ანგარიში
5.2.1. გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის განხორციელების ყოველი ეტაპის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში გრანტების განყოფილებაში წარმოადგინოს გახარჯული თანხების მიზნობრიობის დამადასტურებელი საბუღალტრო დოკუმენტები (ხელშეკრულებები, უწყისები, სასაქონლო ზედდებულები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ა.შ);
5.2.2. თუ გრანტის მიმღები კერძო პირია, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ფონდში საბუღალტრო დოკუმენტების პირველადი პირები (ორიგინალები);
5.2.3.თუ გრანტის მიმღები იურიდიული პირია, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ფონდში საბუღალტრო დოკუმენტების პირველადი პირების ასლები;
5.2.4. იმისათვის, რომ მოხდეს პროექტის მომდევნო ეტაპის დაფინანსება გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს წინა ეტაპზე გადარიცხული თანხების მინიმუმ 70%-ის ხარჯვის დასაბუთება;
5.2.5. დასაშვებია დოკუმენტის გარეშე ხარჯის არსებობა 25 აშშ დოლარის (ან მისი ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში) ფარგლებში წერილობითი დასაბუთების საფუძველზე;
5.2.6. გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს საბოლოო ფინანსური ანგარიში ფონდის მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის (ჩამოტვირთეთ) მიხედვით.
6. პროექტის განხორციელების ვადების ცვლილება
6.1.პროექტის განხორციელების ვადების შეცვლა შესაძლებელია გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს ვადების ცვლილების აუცილებლობა;
6.2. გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების ვადების ცვლილებაზე იღებს აღმასრულებელი დირექტორი, პროგრამის მენეჯერის/კოორდინატორის და გრანტების ადმინისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე.