საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები სვანეთის მაგალითზე
 

12 ივლისს, ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიში "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში". მოცემულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სვანეთის, კერძოდ კი დაბა მესტიის მკვიდრთათვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებზე, ასევე საუკუნეების განმავლობაში "ტრადიციულ მფლობელობაში" არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

სვანეთის ანგარიში კვლევის მეორე ეტაპია, რომელიც ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა" ფარგლებში განხორციელდა. პროექტზე მუშაობს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია". მესტიაში, გონიოსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე, ორგანიზაციები საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს შეისწავლიან, ასევე აგროვებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.

კვლევის პირველი ეტაპის შედეგები საზოგადოებას აპრილის თვეში წარედგინა. მასში საუბარი იყო სოფელ გონიოში ორასზე მეტი მოქალაქისთვის საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის თქმით "ანგარიში ეყრდნობა როგორც მოსახლეობასთან გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, ასევე ფოტომასალას, წერილებით მიღებულ ინფორმაციას და რაც მთავარია, კომისიის გადაწყვეტილებას”.

მოსახლეობის საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ გონიოში და სვანეთში არ არის აქტუალური. ეს პრობლემა მწვავედ დგას სახელმწიფოს მიერ ტურისტულ ზონად გამოცხადებულ ანაკლიაში და შავი ზღვის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზეც.

"ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩეს საკუთრების შელახვის ფაქტები, რომ მოვახდინოთ ამგვარი შემთხვევების პრევენცია და აღმოფხვრა. გვინდა რეკომენდაციები შევთავაზოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სისტემურად"- ამბობს ქეთი ხუციშვილი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.

სვანეთის შემთხვევები ანგარიშში სამართლებრივად არის შეფასებული. ანგარიშის თანახმად, დაბა მესტიაში მიწების საკუთრების რეგისტრაცია შეფერხებით წარმოებს, რაც ძირითადად, რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურების მიზნით ხელოვნური ბარიერებითაა გამოწვეული. მკაცრი საკანონმდებლო მოთხოვნის გამო, უფუნქციო მდგომარეობაშია საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც უფლებამოსილია საკუთრებაში დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთები. სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასის მასიურად ნადგურდება ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. არ ხდება კომპენსაციების გაცემა დაზარალებული მოსახლეობისთვის.

"ჩვენი ძალისხმევის შედეგად, გამოვავლინეთ ტრადიციული საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე ის სირთულეები, რაც დაკავშირებულია უფლების დაცვასთან და მიწების რეგისტრაციასთან. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მშენებლობების დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ამ პროექტების შესახებ და არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი ადვოკატირების კამპანიის მიზანია, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, დაიცვან საკუთრების უფლებები და მეორე, გავაუმჯობესოთ პროცედურები, რომელიც შესაძლებელს გახდის ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში- აღნიშნავს ანალიტიკოსი ქეთი ბუჯარაიძე.

ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.

რას ამბობენ მედიაში.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31