საგრანტო კონკურსი: 'შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წელს დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი'

 

საგრანტო კონკურსი "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წელს დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი"


პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 მარტი, 2009 წ.საკონტაქტო პირი: ირინა ლაშხი irina@osgf.ge, 25 05 92, დამატებითი 211. კონსულტაციები გაიმართება 2, 4, 6, 9 მარტს 15:00-ზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის ქ. 10, ქ. თბილისი, საქართველო 0108. 

ფონდი შეატყობინებს კონკურსის შედეგებს ყველა განმცხადებელს აპრილის დასაწყისში. 

პროექტის მიზნები და ამოცანები:

საკონკურსო პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ 2008 წელს დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს.

 პროექტი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ამოცანებს

       შსს-ს ზედამხედველობის ქვეშ დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი;

       შედარება თითოეული სახლის მშენებლობის რეალური ფასების/ღირებულების შსს-ს მიერ განცხადებულ ფასებთან/ღირებულებასთან;

       შსს-ს მიერ განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგი და ა.შ.;

       აშენებული სახლების ხარისხის შეფასება (გაზით, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ჩათვლით) და დევნილების საცხოვრებელი პირობები. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობის ზედამხადველობის მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობას, და წვლილის შეტანას სიღარიბის დაძლევის და მმართველობის გაძლიერების საქმეში საჯარო რესურსების მართვის ეფექტურობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მეშვეობით. 

პროექტის გუნდის სავალდებულო წევრები:

ეკონომისტები, მშენებელ-ინჟინრები და ანალიტიკოსები. 

პროექტის ძირითადი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ხაზინა, პარლამენტი (საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი), კონტროლის პალატა, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და აღნიშნულ საქმიანობაში ჩართული მინისტრები, დევნილები, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები, მედია. 

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 45 000 აშშ დოლარს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და/ან საინიციატივო ჯგუფებს (ექსპერტთა ჯგუფებს). 

       განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge);

       პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

       განმცხადებელ ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ       სათანადო განათლება და სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება საჯარო          ფინანსების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მშენებლობის მონიტორინგის        სფეროში;

       განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ადრე განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ;

       პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების 2 სარეკომენდაციო წერილი;

       განმცხადებელს/ორგანიზაციას აქვს უფლება ამ კონკურსში წარმოადგინოს  არაუმეტეს 1 პროექტისა;

       პროექტი უნდა წარმოადგინოთ 3 ეგზემპლარად.  

დასაბუთება და საფუძველი:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" პარტნიორ ორგანიზაებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში აქტიუარად არის ჩართული საერთაშორისო დახმარების მონიტორინგში, რომლის გამოყოფაზე დონორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამჭვირვალობას; მთავრობის მხრიდან ანგარიშვალებულების ზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საერთაშორისო დახმარების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, და საინიციატივო ჯგუფებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგის ჩასატარებლად. დევნილების სახელმწიფო დახმარება მრავალეტაპობრივია. მსხვილი თანხები უკვე გამოყოფილ იქნა ახალი სახლების ასაშენებლად 23 000 დევნილისთვის. შსს-ს დაევალა დევნილებისთვის სახლების აშენება და ამ პროცესის მართვა. შსს-ს ცნობით დღეისათვის დასრულებულია დაახლოებით 4 000 ახალი სახლი, თითოეული შენობის ღირებულება შეადგენს 28 200 ლარს და დღეისათვის დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად დაიხარჯა 242 მლნ. ლარზე (145 მლნ. აშშ დოლარი) მეტი (ამაში შედის აშენება, სარემონტო სამუშაოები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები).

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები