საგრანტო კონკურსი: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო დახმარების/მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევის თემაზე

 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო დახმარების/მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევის თემაზე.

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი.

უკანასკნელ წლებში საქართველოში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიუხედავად, კვლავაც პრობლემატურ საკითხად რჩება  ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრებისათვის.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული მრავალი პატიმრის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.საკმაოდ მაღალია პატიმართა სიკვდილიანობა, პრობლემას წარმოადგენს  სასჯელაღსრულებების სამედიცინო დაწესებულებებში საჭირო მედიკამენტების სიმცირე. პატიმრებს თითქმის არ მიუწვდებათ ხელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციაზე. რიგ დაწესებულებებში არ მოიპოვება ყველაზე ხშირი მოხმარების მედიკამენტებიც კი.

უმეტეს შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში მანამ  არ ხდება , სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ  ნიშნულს არ მიაღწევს.


კონკურსის მიზანია  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების/დახმარების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მხარდაჭერა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადვოკატირება  პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. 

კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს (კონკრეტულ პროექტში მონაწილე ექსპერტთა არაფორმალური გაერთიანება, რომელსაც არ ჭირდება რეგისტრაცია).

განმცხადებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გამოცდილება  და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი.


პროექტის წარმოდგენის ფორმა:

  • განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge/?l=1&i=326)
  • პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  • განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ;
  • პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • განმცხადებელს/ორგანიზაციას აქვს უფლება ამ კონკურსში წარმოადგინოს არაუმეტეს ერთი პროექტისა;
  • პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;
  • განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში 22 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ყოველ დღე 18:00 საათამდე. აღნიშნული მასალები განიხილება ფონდის მიერ. მისამართი: ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92. ფაქსი: 29-10-52.


პროექტის ბიუჯეტი და ხანგრძლივობა:

პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღი იქნება 1 აგვისტო, 2009 წ., დასრულების თარიღი კი 1 თებერვალი, 2010 წ. პროექტის ბიუჯეტი/ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 აშშ დოლარს.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება: 25 ივნისს და 1 ივლისს, 12:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს: 250592/317.

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე - "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" ინიციატივის დირექტორი
ელფოსტა: nkiknadze@osgf.ge

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები