კონკურსი: განაცხადების მისაღებად საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრაქტიკის კვლევის და ანალიზის მომზადების მიზნით

 

ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის პროცესში სამოქალაქო სექტორისა და დარგის ექსპერტების ჩართულობას, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მისი პრაქტიკის სიღრმისეული კვლევისა და ანალიზის მიმართულებით. 

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შემოღებიდან უკვე 5 წელი გავიდა, თუმცა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ დღემდე არ შესწავლილა და საჯაროდ არ შეფასებულა საქართველოში ამ ინსტიტუტის მუშაობა.

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფონდს მნიშვნელოვნად მიაჩნია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის დანერგვის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტების მიერ, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ინოვაციების საჯაროდ განხილვას, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზს.

კონკურსის მიზანია: 

 გამოავლინოს ორგანიზაცია/ჯგუფი, რომელიც შეისწავლის და ანალიზს გაუკეთებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გამოყენების პრაქტიკას.  

კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა და ანალიზი უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

  • საპროცესო შეთანხმების ისტორია და საერთაშორისო პრაქტიკა;
  • საპროცესო შეთანხმების საკანონმდებლო რეგულირება და მისი გამოყენების პრაქტიკა საქართველოში, სასურველია რეგიონების მიხედვით;
  • სტატისტიკური მონაცემების დინამიკა და ანალიზი ცალკეულ დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენების შესახებ;
  • წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაზე საპროცესო შეთანხმებით დამთავრებული საქმეების შედარებითი ანალიზი;
  • საპროცესო შეთანხმების ანალიზი "სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების" კონტექსტში;
  • საპროცესო შეთანხმების ფინანსური ასპექტები;
  • საპროცესო შეთახმების გამოყენების საინტერესო და თვალსაჩინო მაგალითები;
  • რეკომენდაციები კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწისთვის.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს (კონკრეტულ პროექტში მონაწილე ექსპერტთა არაფორმალური გაერთიანება) რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით ან პრაქტიკულ მუშაობს მოცემულ თემატიკაზე.

კონკურსის პირობები:

  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით 3 ეგზემპლარად (განაცხადის ფორმა იხ. http://osgf.ge/application).
  • განაცხადის წარმომდგენმა ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს კვლევის გამოცემისა და პრეზენტაციის ხარჯები.
  • გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და ექსპერტების ბიოგრაფიები (CV).
  • საპროექტო წინადადებას თან უნდა ახლდეს ორი სარეკომანდაციო წერილი შესაბამისი სფეროს ექსპერტებისაგან ან ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისაგან.
  • დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის შემოტანა.
  • განმცხადებელმა პროექტში უნდა მიუთითოს სტატისტიკური მინაცემების მოპოვების წყარო.
  • განმცხადებელმა პროექტში უნდა მიუთითოს სისხლის სამართლის სფეროში ჩატარებული კვლევებისა თუ პუბლიკაციების ჩამონათვალი.

კონკურსის ვადები:

საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2009  წლის  10 ნოემბერი  16:00 საათი. 

კონსულტაციები:

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება 2, 9, 16 ოქტომბერს და 4 ნოემბერს 11 საათზე ფონდის ოფისში.

ფონდის მისამართი: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. #10 ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52,

საკონტაქტო პირი:  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი თამარ ქალდანი.

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები