მიმართვა ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით
 

21 ნოემბერი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, და გარემოს დაცვა)  შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 14  ნოემბრის ანგარიშს.

წარმოდგენილი ანგარიში კრიტიკულად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოში დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. მნიშნველოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი გამოწვევები რეალურად იქნას აღქმული და საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გაითვალისწინოს სამომავლო რეფორმების დაგეგმის პროცესში.   

კოალიაცია დადებითად აფასებს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით ანგარიშში ასახულ პოზიტიურ შედეგებს. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ შრომის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რატიფიცირება გაუკეთა ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ". ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება.  

არსებული მიღწევების ფონზე აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვალი არ დახუჭოს იმ პრობლემებზე, რომელზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული. კერძოდ:  

  • იზიარებს რა, ვენეციის კომისიის შეფასებას ევროპის პარლამენტი წუხილს გამოთქვას პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადადების გამო;
  • ევროპის პარლამენტი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მიესალმება საქართველოს მიერ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის შექმნას და აკვირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმდინარე დავას, რომელიც რუსეთის მხარის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს უკავშირდება;
  • ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის ელიტური კორუფციის არსებობა სერიოზულ საკითხად რჩება და ხელისუფლებას ასეთ შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს; ამასთან, იმეორებს პოლიტიკისა და ეკონომიკური ინტერესების ეფექტური გამიჯვნის აუცილებლობას.
  • ევროპის პარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და თურქულ სასწავლო დაწესებულებებზე განხორციელებული ზეწოლის გამო. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით შეისწავლოს შესაბამისი საქმეები და უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების პროცესი და მასთან დაკავშირებული მოქმედებები შესაბამისობაშია ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებთან;
  • პრობლემებად რჩება პროკურორთა საბჭოს პოლიტიკური მიუკერძოებლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები;
  • საჭიროა მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა;
  • ევროპის პარლამენტი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრულველყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება;
  • ევროპის პარლამენტი უარყოფითად აფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში უკანონო დაკავებას და მის აზერბაიჯანში გატაცების გამოძიების საქმეში პროგრესის არარსებობას უკავშირდება. ევროპარლამენტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული შემთხვევა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მუშაობაში არსებულ პრობლემებსა და მათ საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევაზე მიუთითებს.
  • ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტების გამოძიების პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დაეფუძნოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ებრძოლოს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას, დაიცვას უმცირესობების უფლებები და შრომის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს მათი შრომის ბაზარზე ინტეგრირება;
  • ევროპის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მომდევნო ნაბიჯები გადადგას ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის ძალადობის, სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროვებისა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით; ამასთან, ევროპის პარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიღებას და ხელისუფლების მოუწოდებს მისი აღსრულების მიზნით უზრუნველყოს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება.
  • ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაზარდოს ბავშვების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; ასევე, ყურადღება მიაქციოს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით რელიგიური გაერთიანებების ქვეშ მოქმედ საბავშვო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას.
  • ევროპის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაზარდოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოქმედების არეალი, რათა მან დაფაროს დასაქმების ყველა სფერო გამონაკლისების გარეშე.
  • ამასთან ევროპის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაზარდოს გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვების სფეროში და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობის შემცირებაზე.
  • ევროპის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. ითვალისწინებს რა საქართველოს მთავრობის მიერ ჰიდროენერგიის შემდგომი განვითარების შესახებ მიღებულ გეგმას საქართველოს მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცესის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია სრულად იზიარებს ევროპის პარლამენტში წარმოდგენილ შეფასებებს და მოუწოდებს:

-          საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო აქტიურად ჩაერთონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში;

-          ხელისუფლებამ ამ წლის ბოლომდე წარმოადგინოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების 2019 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული აქტივობები მომავალი წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროპის პარლამენტის მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის;

-          საქართველოს პარლამენტმა უფრო ეფექტურად განახორციელოს კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, სოციალური, შრომის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებით ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა.

 

 


14-ე პუნქტი

19-ე პუნქტი

22-ე პუნქტი

23-ე პუნქტი

24-ე პუნქტი

26-ე პუნქტი

31-ე პუნქტი

32-ე პუნქტი

34-ე პუნქტი

36-ე პუნქტი

37-ე პუნქტი

39-ე პუნქტი

42-ე პუნქტი

46-ე პუნქტი

49-ე პუნქტი

 

 

ႬႭႤႫႡႤႰႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30