საგრანტო კონკურსი: 'აღმოსავლეთის პარტნიორობის' ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ხელშეწყობა
 

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა

აცხადებს

საგრანტო კონკურს

 "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ხელშეწყობა

 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, მათი ევროინტეგრაციის პროცესსა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ეროვნული პლატფორმის მუშაობაში აქტიურად ჩართვის მიზნით.

პრობლემის განსაზღვრა:

„აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ორმხრივი ურთიერთობის ეს ფორმატი მოიცავს, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურთიერთქმედებას ევროინტეგრაციის გაღრმავებისა და შედეგიანობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც ამჟამად 114 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სახით. თუმცა პლატფორმაში ჩართული ორგანიზაციების გეოგრაფიული წარმომადგენლობა (მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში მოქმედი ორგანიზაციებია)  არ იძლევა საქართველოს რეგიონების სრულად მოცვის საშუალებას.საქართველოს რეგიონების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვისა და ადგილობრივ დონეზე ამ პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რეგიონული ორგანიზაციების ეროვნულ პლატფორმაში მონაწილეობის და გააქტიურების ხელშეწყობა. ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფორმატის შესახებ ცოდნის ამაღლებას მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ადგილებზე საქმიანობის განხორციელებას.

კონკურსის მიზნი:

ევროინტეგრაციის საკითხებში გამოცდილ რეგიონულ და დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" თემების მიხედვით თანამშრომლობის მხარდაჭერა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის" საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში რეგიონული ორგანიზაციებისთვის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კონკურსის ამოცანები:

საპროექტო განაცხადი მხარს უნდა უჭერდნენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების კომპეტენციების გაზრდას აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე და ეროვნული პლატფორმის საქმიანობებში ჩართვას. მაგალითად:

  • რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ;
  • ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფებში (ეროვნულ პლატფორმაში არის ოთხი სამუშაო ჯგუფი: 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოება; 3. გარემოს დაცვა, კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთხოება; 4. ხალხთა შორის კონტაქტები) რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და თემატური საკითხების განხილვაში  მონაწილეობა;
  • რეგიონებში  ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე (ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს სადებატო საკითხების ჩამონათვალი და ინფორმაცია დებატების ფორმატის შესახებ);
  • ევროინტეგრაციის საკითხებზე ტელე და რადიო დისკუსიების მომზადება და გაშვება რეგიონალური რადიო/ტელევიზიებით; ასევე რეგიონულ ბეჭდურ მედიაში აღნიშნულ საკითხზე პუბლიკაციების მომზადება;
  • რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა რათა მათ მოახდინონ ეფექტური კომუნიკაცია  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან;
  • რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილზე ევროკავშირის დაფინანსებით  განხორციელებული პროექტების მონიტორინგი (2011-2013 ეროვნული ინდიკატორული პროგრამით გათვალისწინებული რეგიონალური  განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში);
  • მთავრობის შესაბამის უწყებებთან (სამინისტროები თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის შექმნა.

საპროექტო განაცხადები უნდა მოიცავდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებს.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ და საქართველოს რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონკურსი ღიაა განაცხადში მითითებული თემების მიხედვით საქმიანობის სათანადო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის იმ მათთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ეროვნული პლატფორმის წევრებს, მაგრამ მის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.

საკონკურსო განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცის, ისე კოალიციის მიერ.

პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ინდივიდუალურ პროექტზე  ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს, ხოლო კოალიციურ პროექტზე  20 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge/?l=1&i=326);
  2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  4. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" (ჭოველიძის ქ. #10) 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 2012 წლის 13 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს (32) 225 04 63

საკონტაქტო პირი: ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: ivane@osgf.ge

 

 

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები