სამოქალაქო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში
 

7 დეკემბერს,  ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე „სამოქალაქო დიპლომატია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში".

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით არსებული სამოქალაქო ინიციატივების კვლევა და მისი შედეგების გავრცელებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანფორმაციის პროცესის შეფერხების მიზეზები და შეაფასა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის ეფექტურობა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს აფერხებს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც სცდება სამოქალაქო სექტორის ფარგლებს და ღრმადაა გამჯდარი საზოგადოების აზროვნებაში. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები მშვიდობის მშენებლობის ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის. "ხშირ შემთხვევაში, მთავრობის ინიციატივები, მაგალითად კანონქვემდებარე აქტები ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რაც გამორიცხავს ყოველგვარ თანამშრომლობას. არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, განსაკუთრებით იმ ტელევიზიებს, რომლებიც ახდენენ მეორე მხარის დეჰუმანიზაციას და ამით უფრო აღვივებენ კონფლიქტს. უნდა აღინიშნოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სისუსტე ადვოკატირების სტრატეგიების  არასათანადოდ დაგეგმვასა და განხორციელებაში. არის კიდევ ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი... "- ამბობს კვლევის ავტორი ტატო ხუნდაძე.

კვლევა ეფუძნება ადგილობრივი და საერთაშორისო მშვიდობის ხელშემწყობი ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზსა და გამოკითხული ექპერტების ინტერვიუებს.

დოკუმენტს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც კვლევის მიგნებების გათვალისწინებით მომზადდა.

" ამ კვლევის შედეგებმა დააფიქსირა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ სათანადოდ  ვერ გამოიყენეს სამოქალაქო დიპლომატია. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.  მე მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებას ამდენი ახალგაზრდა ესწრება. ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ კონფლიქტში ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი როლის გამოკვეთა და გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. საჭიროა, რომ სახალხო დიპლომატიაში დაგროვილი გამოცდილება გადავაქციოთ ცოდნად და გამოვიყენოთ უმაღლეს სასწავლებლებში, რომ ეს შედეგები უფრო პრაგმატულად გამოიყენოს მომავალმა თაობამ და სამოქალაქო დიპლომატია ახალგაზრდებმა განავითარონ,"-ამბობს ირაკლი სესიაშვილი, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორი.

კვლევა ჩაატარა ასოციაციამ „სამართალი და თავისუფლება" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

მომხსენებლები:

ირაკლი სესიაშვილი - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება", პროექტის დირექტორი.
ტატო ხუნდაძე - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება", პროექტის კოორდინატორი და კვლევის შემსრულებელი.
ბიანკა ჩეკე - საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ექსპერტი.

პუბლიკაციის სახით კვლევის შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება 8 დეკემბერს.

 

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31