ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო- პრესის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
 

2 მაისს „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო". გამოფენა  ეძღვნება  მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს და შემეცნებითი ხასიათისაა.

"ეს გამოფენა არის ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" საჩუქარი ჟურნალისტებისათვის და მედიით დაინტერესებული პირებისთვის. 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ დღისთვის შემეცნებითი დატვირთვა მიგვენიჭებინა და ქართული საზოგადოებისთვის წარსულში ჩახედვის საშუალება მიგვეცა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, თუ რა ღირებულებებით საზრდოობდა ქართული ბეჭდური მედია და რა როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ციფრული ტექნოლოგიები კი ღირებულებათა გავრცელების თანამედროვე საშუალებაა. ვიმედოვნებთ, რომ დამთვალიერებლები სწორედ ასეთი კუთხით შეხედავენ გამოფენას. ეროვნული ბიბლიოთეკის შესანიშნავ გუნდთან ერთად ვგეგმავთ, რომ ექსპოზიცია  გახდეს მოძრავი და საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიაროს"-ამბობს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილი კოლექცია 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი", ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) დედნებიც. გამოფენაზე წარმოდგენილია მასალები იმ პუბლიცისტებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.

ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას თქმით"ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებს, არასდროს უნახავთ ქართული პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული გამოფენა, რომელიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, დრამატულ ეტაპებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე უცნობია, რა პოლიტიკურ გარემოში უწევდა მუშაობა ქართულ მედიას, რა ღირებულებებს ამკვიდრებდა და როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს ამ რეალობაში. ასევე,  ნაკლებად არის ცნობილი ქართული ბეჭდური გამოცემების უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინი და მათი პოლიგრაფიული შესრულება.”

გამოფენას წინ უძღვოდა  შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს  ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, საინტერესო იქნება როგორც ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".

ნახეთ გამოფენის ფოტოები.

ნახეთმ როგორ ეხმაურება მედია ამ უნიკალური გამოფენის გახსნას.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31