'საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის' განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით
 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის.

22 ნოემბერი, 2018

უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოში მიმდინარე დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ პროცესისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განცხადებით ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს, გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ წარმართულ დისკუსიებთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველოს სიტუაციის გამოძიება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ქ. ჰააგაში მდებარეობს, 2002 წელს დაფუძნდა რომის სტატუტის საფუძველზე. აღნიშნული სასამართლო მსოფლიო მასშტაბით იძიებს ყველაზე მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული, ომისა და აგრესიის დანაშაულები. გამოძიების დაწყებამდე, სასამართლოს პროკურორის ოფისი წინასწარ მოკვლევას აწარმოებს, რა დროსაც აკვირდება სახელმწიფოს მიერ ეროვნულ დონეზე ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს.

პროკურორის ოფისმა გამოძიება შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ: რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, ან გაეროს უშიშროების საბჭო მიმართავენ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ან იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი ჩათვლის, რომ ადგილობრივ დონეზე არ, ან ვერ ხერხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება და საკუთარი ინიციატივით მიმართავს მოსამართლეებს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მისაღებად.

გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ან მაღალი თანამდებობის პირის მიმართ საჩივრის შეტანა. პროკურორის ოფისი გამოძიების ფარგლებში ადგენს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირის (როგორიცაა მაგალითად, სამხედრო გენერალი, შტაბის უფროსი და სხვა) და არა სახელმწიფოს ან/და რიგითი სამხედრო პირის პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, სასამართლოს პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო წინასწარი მოკვლევააგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2009 წლის დასაწყისში, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში". აღნიშნულ ანგარიშში თავმოყრილია აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 1055 დაზარალებული ადამიანის ჩვენებას. ანგარიშის საბოლოო ვერსიასთან ერთად სასამართლოში გადაიგზავნა სტატისტიკური ანალიზი და ყველა ის სამუშაო მასალა, რომელიც ანგარიშს უდევს საფუძვლად.

წინასწარი მოკვლევის ფარგლებში პროკურორის ოფისი პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთისაგან ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე გამოძიება მიმდინარეობდა, გამოძიების პროგრესი და შედეგები საზოგადოებისა და დაზარალებულთათვის უცნობი იყო.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პასიურობის გათვალისწინებისა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების აღსრულების მიზნებისთვის, 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს პროკურორის ოფისს ზემოთ ხსენებულ ანგარიშში წარმოდგენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა, ამას არ მოჰყვა სასამართლოს მხრიდან რეაგირება, ვინაიდან პროკურორის ოფისი აკვირდებოდა ადგილობრივ დონეზე გამოძიების მიმდინარეობას და არ მიიჩნევდა საჭიროდ სასამართლოს ჩართვას.

2013 წელს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება რომის სტატუტიდან გამომდინარე ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, არ აღმოჩნდებოდნენ საკმარისად პროფესიონალები ან არ იქნებოდა საკმარისი პოლიტიკური ნება, მაშინ საქმის გამოძიება საერთაშორისო დონეზე წარიმართებოდა.

2 წლის შემდგომ, 2015 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან. როგორც სასამართლოსთან კომუნიკაციიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ პროკურორის ოფისს აცნობა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ვერ მოხდებოდა შემდგომი პროგრესი არსებული უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გამოძიება წყდებოდა გაურკვეველი დროით.

აქედან გამომდინარე, 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი ინიციატივით შუამდგომლობით მიმართა წინა-სასამართლო პალატას გამოძიების დაწყების თაობაზე, რაც მოსამართლეებმა 2016 წლის იანვარში დააკმაყოფილეს. აღნიშნული მიმართვიდან და წინა-სასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა გამოძიების ფარგლები, რომელიც მოიცავს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, და ომის დანაშაულებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰააგის პროკურორმა გამოკვეთა სამი მხარე, მათ შორის: ქართული და რუსული შეიარაღებული ძალები და ოსური ძალები, შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება, პასუხისგებაში მისცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც ყველაზე მეტად მიუძღვით ბრალი ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სიტუაციის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა. გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ამ გამოწვევებს:

ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ: სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიება სრულიად კონფიდენციალურია, რაც ნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებისათვის, მათ შორის დაზარალებულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის არავითარი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, უცნობია, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მიმდინარე გამოძიება ან/და უახლოს პერიოდში არის თუ არა მოსალოდნელი დაკავების ორდერის გაცემა კონკრეტული პირის/პირების მიმართ.

რუსეთის ფედერაციის უარი სასამართლოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობაზე: პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სასამართლოსთან თანამშრომლობაზე რუსეთის უარი წარმოადგენს. უარის არსებობის პირობებში მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ ვერ მოხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, მას არ ეკისრება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება, მაგალითად, როგორიცაა გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის და მასალების მიწოდება, ეჭვმიტანილი პირების სასამართლოსათვის გადაცემა, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოა და ვალდებულია, ითანამშრომლოს სასამართლოსთან. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ რუსი, ოსი ან/და ქართველი პირის მიმართ დაკავების ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მართლმსაჯულების წინაშე მხოლოდ ქართველი წარსდგეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოსთვის მისი მოქალაქის გადაცემის ვალდებულება ექნება განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მაღალი ალბათობით მის მოქალაქეს, იქნება ეს რუსი თუ ოსი, სასამართლოს სავარაუდოდ არ გადასცემს. 

დაზარალებულთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა: ამ პროცესში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ინფორმაციისა და ცნობიერების ნაკლებობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნა, ოფისი არსებითად შეზღუდულია ფინანსური და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რის გარეშეც ვერ ახერხებს სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შორის, ინტენსიური ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან. ეს კი უარყოფითად აისახება დაზარალებულების მოტივაციაზე, პროცესში მათ ეფექტურ ჩართვასა და სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები ნაკლებად ინფორმირებულები არიან სასამართლოს მანდატისა და როლის შესახებ, პოლიტიკოსთა განცხადებები მიმდინარე გამოძიებასთან, რიგითი ჯარისკაცების პასუხისმგებლობასთან, ასევე, ომის ქართული მხარის მიერ დაწყებასთან დაკავშირებით დაზარალებულებში დამატებით გაურკვევლობას იწვევს და შესაძლოა, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს სასამართლოსთან შემდგომში მათ თანამშრომლობაზე.

სახელმწიფოს წარმომადგენლობა ჰააგაში: საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ქ. ჰააგაში, რომელიც სასამართლოს ბიუროსა და კომიტეტებში, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, მიიღებდა მონაწილეობას. სასამართლოს სამუშაო ჯგუფებში საქართველოს წარმომადგენლის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმ საკითხების ადვოკატირებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს, დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიერ მხარდამჭერი მანდატის განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ინტერესის ნაკლებობა: დევნილებს საკმაოდ მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს აქტიური თანამშრომლობა სამომავლოდ ასევე, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გამოცემის შემთხვევაში მისი აღსრულების მიზნითაც. თუმცა, საქართველოს სიტუაციის მიმართ ამ უკანასკნელთაგან შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერისა და ინტერესის ნაკლებობა შეიმჩნევა. ამ ფაქტს გარკვეულწილად საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების არასაკმარისი პროგრესი განაპირობებს. ასევე, გარკვეულწილად დამაზიანებელ ეფექტს პოლიტიკოსთა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და მიმდინარე გამოძიების პოლიტიზირება ახდენს.

აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სხვა დავები

ქ. ჰააგაში მდებარეობს ასევე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც 1945 წელს გაერო-ს წესდებით დაარსდა. აღნიშნული სასამართლო განიხილავს იმ სახელმწიფოთაშორის დავებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ეხება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადგენს. აღნიშნულ სასამართლოში საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს წარადგინა სარჩელი, რომელიც რუსეთის მიერ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CERD) შესაძლო დარღვევას შეეხებოდა. 2011 წლის 1 აპრილს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოსათვის მიმართვამდე, დავის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს არ უწარმოებია მოლაპარაკება რუსეთთან ამ უკანასკნელის მიერ CERD-ით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს არ ჰქონდა ამოწურული კონვენციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი. აღნიშნულის გამო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის გარეშე საქართველოს მიერ წარდგენილი სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წლის ვადაში, მხარეს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დარღვევების საკითხს, ასევე, განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ე.წ. სტრასბურგის სასამართლო. აღნიშნული სასამართლო ასევე, ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რომელშიც დავის დაწყების საფუძველს საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილი საჩივარი წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვა კვლავ გრძელდება.

ზემოაღნიშნული ბუნდოვანებები, გამოწვევები და საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისი ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით.

 

ზემოთ აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

- გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.

- გამოყონ მუდმივი წარმომადგენელი და მისი მეშვეობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის ბიუროსა და სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში;

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტონ, რამ გამოიწვია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსგავსი მიმართვის გაგზავნა სასამართლოს პროკურორის ოფისთან.

- კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტური გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.

ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

- თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;

- მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინების გაჩენა დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, რამაც შეიძლება სამომავლოდ დააზიანოს მიმდინარე პროცესი და უკუ-რეაქცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების ნდობის დაკარგვას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, კანცელარიასა და სასამართლოს ადგილობრივ ოფისს:

- გაააქტიურონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს მანდატის, საქმიანობისა და როლის შესახებ;

- საზოგადოებას, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

- განმარტონ გამოძიების ძირითადი ასპექტები, მათ შორის გამოძიების ფარგლები, რამდენი მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სასამართლო და რა გარანტიები არსებობს ცალმხრივი გამოძიების პროცესის თავიდან ასარიდებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას:

- ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა დევნილთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და მათზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

 

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2010 წლიდან საქართველოს კოალიცია არის გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები